პროექტი



წელს მსოფლიო აღნიშნავს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღებიდან 25 წლისთავს. ბავშვის უფლებათა კონვენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1989 წელს მიიღო. კონვენციის მიღება მნიშვნელოვანი მოვლენაა იმდენად, რამდენადაც ბავშვს განიხილავს როგორც სუბიექტს და უფლებების მქონე პიროვნებას.

რისთვის არის საჭირო ბავშვთა უფლებების კონვენცია, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია?
ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივია: ბავშვები განსხვავდებიან ზრდასრული ადამიანებისაგან გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობებით და შესაბამისად, სჭირდებათ განსხვავებული მოპყრობა.

ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, აზრისა და რელიგიის თავისუფლება, განათლების უფლება. სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ბავშვთა უფლებები თითოეული ბავშვისათვის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

კონვენციაში ვკითხულობთ,  რომ მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის (მუხლი 27) და რომ ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება (მუხლი 28). დაცულია კი რეალურ ცხოვრებაში ბავშვთა ეს უფლებები? რა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობებით.
კონვენცია ითვალისწინებს მათ უფლებებსაც:

მუხლი 23
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ გონებრივად ან ფიზიკურად
უნარშეზღუდული ბავშვი სრულფასოვნად და ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს იმგვარ პირობებში, რომლებიც უძლიერებს მათ ღირსების გრძნობას, საკუთარი თავის რწმენას და უადვილებს საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.

4. მონაწილე სახელმწიფოები საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით ხელს უწყობენ ინფორმაციის გავრცელებას უნარშეზღუდული ბავშვების პროფილაქტიკური ჯანდაცვისა და სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფუნქციონალური მკურნალობის დარგში, სათანადო რეაბილიტაციის, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების მეთოდებზე ინფორმაციის გავრცელების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმისათვის, რომ მონაწილე სახელმწიფოებმა გაიფართოვონ ამ დარგში თავიანთი შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების
საჭიროებებს.

ჩვენ ვსვამთ კითხვებს:


  • რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში? 
  • დაცულია თუ არა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების უფლება? 
  • რა  ხდება იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელობის პრობლემებს მძიმე სოციალური ფონი ახლავს თან? 
  • ქმნის სახელმწიფო მათთვის გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს მათ ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, ზნეობრივ და სოციალურ განვითარებას?


საქართველოში ბევრი სოციალური პრობლემის მქონე ოჯახია, ბევრი ადამიანია, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მაშინ, როდესაც ოჯახში ჯანმრთელობისა და სოციალური პრობლემები ერთდროულად არსებობს. ამ შემთხვევებში ხშირად ვერ რეალიზდება მათი უფლებები.

ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა შშმ ბავშვთა მდგომარეობა, რომლებიც სოციაურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. ჩვენ, სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, მივაკვლიეთ თანატოლებს, რომლებსაც ზემოთხსენებული პრობლემები აქვთ.

ჩვენი დიდი სურვილია დავანახოთ მათ, რომ ისინი არ არიან მარტო, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. ჩვენი მიზანია თანატოლებს გავაცნოთ ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიებები, რათა მათაც გაუჩნდეთ სურვილი მსგავსი აქტივობების განხორციელებისა.

პროექტის ფარგლებში ვესტუმრეთ „ბერი ანდრიას ფონდს“, რომელიც ეხმარება მძიმე ონკოლოგიური პათოლოგიების მქონე ბავშვებს განკურნებასა და რეაბილიტაციაში და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ჩვენს თანასკოლელს, რომელიც მეათე კლასში ირიცხება  და ჯანმრთელობის პრობლემების გამო სკოლაში სიარული არ შეუძლია.
დავინტერესდით რამდენად არის მათი უფლებები დაცული და რა ტიპის დახმარების გაწევას შევძლებდით ჩვენ მათთვის.

ჩვენი ვიზიტების შემდეგ გამოიკვეთა, რომ მრავალ პრობლემასთან ერთად ჩვენს თანასკოლელს ხშირ შემთხვევაში აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეფიციტი. ის ჩაკეტილია ოთახში და სასეირნოდაც ვერ ახერხებს გასვლას. ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია ფონდში,  იქ მყოფ ბავშვებს კომუნიკაცია აქვთ საზოგადოებასთან, თუმცა მათთვის ყოველი ჩვენთაგანის სტუმრობა მნიშვნელოვანია, რათა ისინი გრძნობენ ჩვენს ზრუნვასა და თანადგომას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს, რათა ამ ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება გახდნენ საზოგადოების აქტიური და სრულფასოვანი წევრები.



No comments:

Post a Comment